ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-7 ტურში ჩინური „შანდონი“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ სამხრეთ კორეის „გუანჯოუს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელი კრიზანისგან მიიღო ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში ზუსტად გაგზავნა. 33-ე წუთზე ბრაზილიელმა კრიზანმა სტუმართა საჯარიმოში თანამემამულე ზეკა მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა.
35-ე წუთზე „გუანჯოუდან“ ერთი ბურთი ლი მინ-გიმ გაქვითა. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე „შანდონის“ შეტევის დროს კრიზანმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და თავით შეაგდო – 3:1. მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა „გუანჯოუს“ ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და ერთი კორეელის „მოტყუების“ შემდეგ საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა, რასაც მეკარისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
„შანდონი“ 10 ქულით აღმოსავლეთ დივიზიონის 11 გუნდში მე-6 ადგილზეა და საერთო ეტაპზე ბოლო მატჩს 19 თებერვალს სტუმრად გიორგი არაბიძის „ულსანთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
