16თებერვალს ბორჯღალოსნები და ესპანელი „ლომები“ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველობისთვის შეიბმებიან. თამაში მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა, თასის ნახევარფინალში ორივე გავიდა და შესაბამისად, ორივემ მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური. მაგრამ ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს საკუთარი მოედნის უპირატესობთ ნახევარფინალში.
განვლილ მატჩებში ბორჯღალოსნებმა „ავჭალაზე“ შვეიცარია 110:0, ხოლო ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა; ესპანეთმა ნიდერლანდებს 53:24, შვეიცარიას კი 43:13 მოუგო. შედეგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და საქართველო გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსის შედეგად პირველ ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ბ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილი დაიბევეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს პორტუგალიამ (10 ქულა) და რუმინეთმა (9 ქულა). 15 თებერვალს რუმინეთი პორტუგალიას უმასპინძლებს და გამარჯვებული ნახევარფინალში მასპინძლის უფლებით ისარგებლებს. შეგახსენებთ, ნახევარფინალები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 ან 16 მარტს შედგება.
rugby.ge
