იტალიელი სპეციალისტის როდოლფო ვანოლის გაწვრთნილი გუნდი 5 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ,,ლივი ბერეგს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშეს. მწვრთნელებმა არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს.
პირველი ტაიმი უკრაინელებმა მოიგეს, თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა ხასიათი გამოავლინეს, მეტოქის კართან რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს და რაც მთავარია, გამარჯვება მოიპოვეს.
თითქმის ტაიმის განახლებისთანავე ილია ახვლედიანმა დაახლოებით 80 მეტრიდან კარში დაარტყა, მეკარე წინ იყო გამოსული, ბურთი მიწაზე ასხლეტით უკრაინელთა კარში აღმოჩნდა და ანგარიში გათანაბრდა.
მატჩის ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ ,,სამგურალის” ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა. გამოცდილმა ფორვარდმა ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაუშვა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ჩვენი გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს ყაზახურ ,,კაირატთან” გამართავს.
სამგურალის შემადგენლობა:
(I ტაიმი) ყალიჩავა, იაშვილი, პატარკაციშვილი, აბულაძე, შერგელაშვილი, წულაია, ჯანჯღავა, ჯეფერსონი, ლ.ხორხელი, ჟან კარლოსი, მუჯირი
(II ტაიმი) ბელოვი (ქასრაძე), ქარიმოვი, ახვლედიანი, კვარაცხელია, ბული, წულაია (ალი), იაშვილი (გოლეთიანი), ვინისიუსი, ნ. ხორხელი, ჩიხლაძე, ფანცულაია.
fcsamgurali.ge
