ფუტსალის ნაკრებმა ბულგარელები გაანადგურა

0
23

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ავთანდილ ასათიანი წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მე-3 ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მე-5 წუთზე ღავთაძის დარტყმის შემდეგ ბულგარელები გოლის გაშვებას ზედა ძელმა გადაარჩინა, ხოლო ერთ წუთში ჯვარაშვილმა მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, რომელიც კარში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა – 1:0.
მე-10 წუთზე ჩიმაკაძემ მეტოქის ნახევარზე დიმოვი ორჯერ „მოატყუა“ და მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0. მე-14 წუთზე ჯვარაშვილი სტუმართა კართან ახლოს ორ ბულგარელს გაცდა და გვერდი წინ გამოსულ მეკარესაც აუარა, რის შემდეგ, დუბლი შეასრულა – 3:0. მე-15 წუთზე კეკელიამ მარჯვნიდან ერთი შეხებით კარის წინ მდგომი გაბრიჩიძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 4:0.
39-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ხუთ ბურთამდე ხარატიშვილმა გაზარდა, ხოლო ბოლო წუთზე მეკარე ბუკიამ თავისი საჯარიმოდან ბულგარელთა ცარიელ კარში გაიტანა – 6:0. სტუმრებიდან ერთი ბურთი თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კუზოვმა გაქვითა. საქართველოს ნაკრები 6 ქულით მე-10 ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერი საფრანგეთია. ასათიანის გაწვრთნილები მომდევნო მატჩს 4 თებერვალს პლოვდივში ბულგარელებთან ჩაატარებენ.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მატჩის ოქმი –საქართველო 6:1 ბულგარეთი

ლაშა თაბაგარი