გრიფინი – კასპის საკალათბურთო სასწაული

0
188

ცხოვრებაში, სპორტში და კერძოდ კალათბურთში სასწაული ნამდვილად ხდება და ამის ნათელი დადასტურება კასპელთა საკალათბურთო კლუბი „გრიფინი“ გახლავთ. თავად განსაჯეთ, კლუბი სულ რაღაც სამიოდე თვის წინაა ჩამოყალიბებული და უკვე მთელი ქართველი საკალათბურთო სამყარო აალაპარაკა თავისი სოლიდური, ლამაზი, შედეგიანი ასპარეზობითა და რაც მთავარია შედეგით – გუნდმა ერთი ტესტ-მატჩი, შვიდი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო!
კასპელებმა პირველი მატჩები გასული წლის დეკემბერში გამართეს, როდესაც A ლიგის საკვალიფიკაციო ორი ეტაპი ისე გაიარეს 4 ასპარეზობაში მასზე უფრო გამოცდილ გუნდებს ერთი პერიოდიც კი არ დაუთმეს და დამაჯერებლად შეაბიჯეს საქართველოს საკალათბურთო-საკლუბო ტურნირზე. A ლიგაშიც „გრიფინს“ წარმატებული სტარტი აქვს – შიდაქართლელებმა მიჯრით ორ მატჩში იმარჯვეს და სატურნირო ცხრილსაც სათავეში უდგანან.
22 იანვარი კი „გრიფინის“ ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრის ჩასატარებლად კასპს ქვეყნის ექსჩემპიონი და თასის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ეწვია. თსუ-ს გუნდს საქართველოს ნაკრები ყოფილი (ეროვნულ გუნდში ჩატარებული შეხვედრების რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე) და ამჟამინდელი წევრები იცავენ, რომელთაც როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ასპარეზობის მდიდარი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. კასპელ გულშემატკივართა გასახარად „გრიფინმა“ არათუ ტოლი არ დაუდო თსუ-ს, ოთხი პერიოდიდან სამში მოწინააღმდეგეს აჯობა, 102:98 იმარჯვა და თასის შემდგომ ეტაპზე გასვლის რეალური შანსიც აქვს.
სასწაული სასწაულად, მაგრამ „გრიფინის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კლუბის მენეჯერს ვაჟა სიმონიშვილს და გუნდის 22 წლის მთავარ მწვრთნელ გიორგი სიმონიშვილს მიუძღვით. ბატონი ვაჟა მისთვის დამახასიათებელი მინდობილი საქმისადმი მონდომებით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით გუნდის მშენებლობას და პირველი სასიკეთო შედეგიც სახეზეა.
ცალკე საუბრის თემაა „გრიფინის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი სიმონიშვილი. მართლაც რთულია 22 წლის ასაკში ამგვარ საპასუხისმგებლო საქმეს მოჰკიდო ხელი და ესოდენ წარმატებულად გაართვა თავი. გიორგიმ კარგად დააკომპლექტა გუნდი (რაზეც შედეგი თვალნათლივ მეტყველებს), თამაშის მსვლელობისას მეტად უნარიანად ხელმძღვანელობს როგორც მთლიანად გუნდს, ასევე ცალკეულ მოთამაშეებს და ისეთ მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მასზე გაცილებიც უფრო გამოცდილ დამრიგებელსაც კი გაუჭირდება. კალათბურთელები გრძნობენ მწვრთნელის წესიერებას, პროფესიონალიზმს, უსიტყვოდ ასრულებენ მის მითითებებს და პატივისცემით ეპყრობიან.
„გრიფინის“ ლიდერი ამერიკელი უკანახაზელი მონტეს მატისია, რომელსაც კარგად უბამენ მხარს მისივე თანამემამულეები, ასევე უკანახაზელი ზებედი გრეჰემი და ფორვარდი ელაია ბიუქენენი, კასპელთა გუნდის ქართველ კალათბურთელებს რაც შეეხება, საქებარ სიტყვებს გიორგი რუხაძე, ვასილ ბერუაშვილი, მერაბ მირზიაშვილი და აკაკი ლომოური (თსუ-ს 16 ქულა ჩაუგდო) იმსახურებენ.


ერთი სიტყვით, კასპის „გრიფინს“ შთამბეჭდავი სტარტი აქვს, ჩვენ კი გუნდს და მის გულშემატკივარს შემდგომ წარმატებას და გამარჯვებებს ვუსურვებთ.

გოჩა კაჭარავა