ირაკლი აზაროვმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი ჩაატარა. დონეცკის „შახტარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის გერმანიის ქალაქ გელზემკირხენში „ბრესტს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-8 წუთზე „შახტარის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ახლო მანძილიდან ფრანგების კარის აღება ქუსლით გადაწყვიტა, მაგრამ უშედეგოდ.
მე-18 წუთზე კევინმა „ბრესტის“ დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე აზაროვმა ძალიან კარგი პასით ეგინალდო სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა, თუმცა, ბრაზილიელმა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
37-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი აზაროვი წინ გამოსულმა მეკარემ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სუდაკოვმა გაიტანა.
მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და უკრაინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მეორე თამაში მოიგო. დონეცკელები 7 ქულით 36 გუნდში 27-ე ადგილზე არიან. „შახტარი“ საერთო ეტაპზე ბოლო თამაშს 29 იანვარს სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი
