premierleague.com: “ჩაკვეტაძე უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზადაა”

0
25

ინგლისის უპირველესი საფეხბურთო დივიზიონის ოფიციალურ ვებგვერდ premierleague.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, ჟურნალისტი ადრიან კლარკი ასახელებს ხუთ სპორტსმენს, რომლებიც შესაძლოა, იანვარში პრემიერლიგაში გადავიდნენ.
ჩამონათვალში მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად, ინგლისურ კლუბ „უოტფორდში“ თამაშობს. როგორც საიტზე ვკითხულობთ, 25 წლის ქართველი უკვე მზადაა, ინგლისის რანგით მეორე ლიგის, ჩემპიონშიპის გათამაშებიდან სათამაშოდ პრემიერლიგაში გადავიდეს.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „უოტფორდის“ გულშემატკივრებს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს, როდესაც ბურთითაა. ეს 25 წლის მოთამაშე, ბრწყინვალე „დრიბლინგს“ ფლობს, გამუდმებით გვერდს უვლის მეტოქე მცველებს და დასკვნით ფაზაშიც ყოველთვის ახერხებს თამაშის გამწვავებას.
ჩაკვეტაძემ, რომელიც უფრო მომენტების შემქმნელია, ვიდრე ბომბარდირი, მიმდინარე სეზონში 57 საგოლე მომენტი შექმნა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. შემტევი ნახევარმცველი მარცხენა ფრთაზე, „ათიანის” როლში მოქმედებს, თამაშში საკვანძო 45 პასით კი ის დივიზიონის რეიტინგის სათავეშია. თვალშისაცემია სტანდარტული დარტყმების გათამაშების დროს ჩაკვეტაძის ჩართულობაც.
ჩაკვეტაძე შრომისმოყვარე, გუნდური მოთამაშეა, რომელიც კარგად არის ჩართული პრესინგში. მომენტების შექმნის ჯადოსნური უნარი ჩაკვეტაძეს განსაკუთრებულ ტალანტად აქცევს და გასაკვირი არ არის, რომ პრემიერლიგის კლუბები ქართველით დაინტერესებულები არიან.
სწორედ მისი ტალანტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის, უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მზადაა”, – ვკითხულობთ სტატიაში.