საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლისთვის ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომელ ლიგაშია, არამედ ის თუ სად მიდიან. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, როდესაც გაირკვა, რომ მომავალი წლის მარტში სომხეთს დავუპირისპირდებით.
ვილი სანიოლი: “ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.
ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არა მგონი, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ”.
საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს სტუმრად 20 მარტს ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს 23 მარტს თავის მოედანზე.
ლაშა თაბაგარი




