ქოჩორაშვილი: “გულდაწყვეტილი, მაგრამ თანაგუნდელებით ვამაყობ”

0
57

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგის B ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩში სტუმრად ჩეხეთთან 1:2 წაგების გამო გულდაწყვეტილია, მაგრამ თანაგუნდელებით ამაყია.
გიორგი ქოჩორაშვილი: “გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამავე დროს ამაყი ჩემი თანაგუნდელებით და ქართველი გულშემატკივრით. პირველი ტაიმით ყველა უკმაყოფილო ვართ, მეორე ტაიმში ვეცადეთ გამოგვესწორებინა, მაგრამ დროც დაგვაკლდა. ვიცი, რომ სტადიონიდან თავაწეულები გამოვედით და ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში ბევრად მაღალ დონეზე დავბრუნდეთ.
ასევე მინდა მივულოცო 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ეს ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის, ძალა ჩვენშია. ვეცდებით, რომ ისევ დავაბრუნოთ ის დიდი სიხარული, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
ფეხბურთში არის მომენტები, როცა ყველაფერს ძალიან მაგრად აკეთებ, მაგრამ არის მომენტები, როცა ძირს ეცემი და ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გინდოდა. თუმცა, ძლიერი მენტალიტეტი ჩემთვის არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, არამედ, არ დანებდე არასდროს, წამოდგე, როცა წაიქცევი. აქამდე ამ ბრძოლით მოვედი და ასე გავაგრძელებ, რადგან ვიცი, რომ ყოველი ძირს დაცემის შემდეგ შეგიძლია წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა ან დარჩე მიწაზე და არაფერი შეიცვლება. ამ კატეგორიას მე არ მივეკუთვნები, ამიტომ, ვეცდები, რაც შეიძლება მალე წამოვდგე უფრო ძლიერად, მეტი გავაკეთო საქართველოს ნაკრებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ხალხისთვის.
გვაქვს შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად, რადგან ძალა ჩვენშია, დიდი გული გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ შესარჩევ ეტაპზე და საქართველოს ეს დიდი სიხარული კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ“.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და B ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. მომავალი წლის 20 და 23 მარტს გასამართ პლეი-აუტში ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები C ლიგის ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნები არიან – სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი. ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. პირველ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვილი სანიოლი კაპიტან გურამ კაშიას და ლიდერ ხვიჩა კვაარცხელიას მოისაკლისებს.
ლაშა თაბაგარი