გიორგი მიქაუტაძე გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის წელი წარუმატებლად დასრულდა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ჩეხეთთან 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე: “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავიწყეთ – თამაშში ვერ შევედით. ორი გოლი გავუშვით და შემდეგ სამი გოლის გატანა ძალიან ძნელია. ერთი კი გავიტანეთ, მაგრამ არ გვეყო მოსაგებად. შანსი კიდევ გვექნება, უნდა მოვემზადოთ და გამოგვივა, რაც გვინდა. ვიცით, რომ ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვიშრომოთ, რომ მივაღწიოთ მიზანს.
გვინდოდა გამარჯვება, ვერ შევძელით. კარგია, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ მოგება მერჩივნა. კარგი იყო ევროპის ჩემპიონატი და სამწუხაროა, რომ წელი ასე დასრულდა”.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და B ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. მომავალი წლის 20 და 23 მარტს გასამართ პლეი-აუტში ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები C ლიგის ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნები არიან – სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი. ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. პირველ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვილი სანიოლი კაპიტან გურამ კაშიას და ლიდერ ხვიჩა კვაარცხელიას მოისაკლისებს.
ლაშა თაბაგარი




