საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-3 ტურში ხვალ ალბანეთთან გასამართ საშინაო მატჩში ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს და მისთვის მთავარია, რომ უკრაინასთან დაპირისპირებისგან განსხვავებით, ფეხბურთელებმა დასაწყისშივე ბევრად უკეთესად ითამაშონ. მან ამის შესახებ დღეს საგურამოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც მცველი ლაშა დვალიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “უკრაინასთან და ჩეხეთთანაც დასაწყისში გაგვიჭირდა. იმედი მაქვს, რომ ხვალ სხვანაირად წავა თამაში. მატჩის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამოსწორდება. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, რამდენიმე ფაქტორია, ერთ-ერთი მანძილია ამერიკიდან, გარდა ამისა, იმ სისტემაში, რომელსაც ვიყენებ, უჭირს ჩაჯდომა.
უკრაინასთან მატჩში მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. მოგეხსენებათ, მან ჩეხეთთან არა მარტო დაცვაში ითამაშა კარგად, არამედ შეტევაშიც. კიტეიშვილი მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის.
უკრაინასთან მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, თამაშიდან გამომდინარე მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე ტაქტიკურ ცვლილებებს არ განვიხილავ, მთავარია, ბევრად უკეთესად დავიწყოთ თამაში და უკეთ შევასრულოთ მოედანზე დავალებები. უკვე გადაწყვეტილი მაქვს ვინ შეცვლის ქოჩორაშვილს, ამას ხვალ გაიგებთ.
ფედერაციამ როგორც ყოველთვის საუკეთესო პირობები შეგვიქმნა. ასეთ სიტუაციებში დრო ძალიან მნიშვნელოვანია და მათ მაქსიმალურად ხელი შეგვიწყვეს. ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, როგორიც ბოლო პერიოდში ვიყავით და ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ, შემთხვევითობა არ იყო, შრომის შედეგია და ღირებულებების, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ნაკლები მუშაობის უფლება მივცეთ ჩვენს თავს, მითუმეტეს ასეთ მეტოქეებთან. აუცილებელია შევინარჩუნოთ დისციპლინა, ღირებულებები და პროფესიონალურად მივუდგეთ საქმეს’.
ლაშა დვალი: “ძალიან ცოტა დრო გვქონდა მატჩებს შორის, მაგრამ ალბანეთიც იგივე მდგომარეობაშია. შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები, დღესაც ვარჯიში გვაქვს და მზად ვართ თამაშისთვის.
რაც შეეხება ალბანელი ფანების ყმუილს საქაქრთველოს ჰიმნზე, ეს მათ დონეზე და ღირებულებებზე მეტყველებს, ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვიქომაგონ.
მოედნის საფარი ჩვენს გუნდს სათამაშო სტილიდან გამომდინარე ხელს უშლიდა. არ ვიცი, შეიძლება უკრაინელები უფრო მომზადებული იყვნენ, ჩვენ კი მოედანზე ფეხი გვიცურავდა. კარგია, რომ ხვალ კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ”.
საქართველოს ნაკრები ალბანეთს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
