სილვინიო: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატჩია”

0
16

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სილვინიოლს განცხადებით, ხვალ საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდებათ, რომელშიც მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც იტალიის “ემპოლიში” საბა გოგლიჩიძის თანაგუნდელი ისმაილიც ეესწრებოდა.
სილოვინიო: “დიახ, ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საქართველო ზოგადად, ძლიერი გუნდია, ტაქტიკურად ძალიან ძლიერი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ფიზიკურად, ტაქტიკურად ძლიერია, აქვთ ტექნიკური თვისებები და კონტრშეტევებზე შესანიშნავად თამაშობენ. ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი დანაკლისი მნიშვნელოვანია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მას შეცვლის 100%-ით დაიხარჯება და ჩვენთვის არაფერი იცვლება.
ბევრი ენერგია დავხარჯეთ, რადგან ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ეს რთული ჯგუფია, ყველა თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ არ ვიცით შემადგენლობა, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა პრაღიდან თბილისამდე. გუშინ გვიან ღამით ჩამოვედით, ცოტა ხანში ვარჯიში გვაქვს, ფეხბურთელებს გავესაუბრები, ხვალ კიდევ დრო გვექნება შემადგენლობის გადასაწყვეტად.
მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე აღელვების გარეშე გასვლა და კარგად თამაში შეუძლიათ, მათ სრულად ვენდობი, თუმცა არჩევანს ხვალ გავაკეთებ. რეალობასთან, სინამდვილესთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხვალ გამარჯვება გვჭირდება, მაგრამ ეს ყველას სჭირდება. ნოემბერში ორი საშინაო მატჩი გვექნება, რაც უპირატესობაა. თუმცა, ახლა ნოემბერზე ფიქრის დრო არაა, ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ. ხვალ ქულები გვჭირდება, რადგან თუ ვერ მოვიპოვებთ, საბოლოო მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.
უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება. ტირანაში ფიზიკური, ტაქტიკური, დაძაბული თამაში იყო. ვილი სანიოლი ძალიან კარგად მუშაობს, გუნდი ძალიან კარგად ჰყავს დალაგებული.
მთავარია, მოედანზე დავალებები სწორად შევასრულოთ, რაღაც განსხვავებულიც გავაკეთოთ. უკრაინა-საქართველოს მატჩი თანაბარი იყო, საქართველოს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და როგორც ხდება მსგავს მატჩებში, ხშირად ერთი შეცდომა ან მომენტი გადამწყვეტი ხდება, ხვალაც შეიძლება ასე იყოს. შეცდომები თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ ამის გაკეთება რთულია”.
ისმაილი: “აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით, სხვა გზა არ გვაქვს. პირველი ადგილისთვის ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებით იქნება შესაძლებელები. გვჯერა, რომ ხვალ ამ სტადიონს სამი ქულით დავტოვებთ. ბოლო ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოსთან პირველი თამაშის წაგებას არ ვიმსახურებდით. სამი ქულისთვის ჩამოვედით, იმედია, ამას მოვახერხებთ.
კვარაცხელიას ყველა ვიცნობთ ხარისხით და უნარებით, რაც აქვს. თუმცა, როგორც პირველ შეხვედრაში შევძელით მისი შეჩერება, მჯერა, რომ ხვალაც შევაჩერებთ, რადგან გუნდურად ვითამაშებთ, განსაკუთრებით დაცვაში.
საბა გოგლიჩიძე უკვე ერთი წელია ჩვენთან ერთადაა „ემპოლიში“, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს. ზოგადად, საქართველოს ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რაც პირველ მატჩშიც ვნახეთ და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით.
ყველანაირად ვეცდებით, რომ ხვალ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. საქართველომ ტირანაში ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე. 3-5-2 ძალიან კარგად მუშაობდა, ხვალ კი, ჩვენი დავალება უკეთ უნდა შევასრულოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ტირანაში ფანების მხრიდან ჰიმნზე სტვენა? ჩვენ პროფესიონალები ვართ, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ, არ ვიცი, რა მოხდა პირველ მატჩში, ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ“.