სანიოლი: “მოთამაშეები საკუთარ დავალებაზე ფოკუსირებული არიან”

0
66

ვილი სანიოლის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიცემულ დავალებაზე კონცენტრირებულნი არიან, რაც მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად საუკეთესო გზაა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში დღეს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მცველი ოთარ კაკაბაძეც დაესწრო.
ვილი სანიოლი: „პოლონეთში მომზადება ფეხბურთელებისთვის უფრო კომფორტული იყო. ამან შეამცირა მგზავრობის დრო, რამაც დაზოგა მოთამაშეების ენერგია. გუნდში კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ხვალინდელ შეხვედრას.
წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო თამაშსაც აუცილებლად წააგებს. მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. რთული მატჩი გველის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. რაც მთავარია, ფოკუსირებულები არიან საკუთარ დავალებაზე და ეს საუკეთესო გზაა მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად.
შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია. მოთამაშეებმა იციან, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი. მთავარია, რას აკეთებ მოედანზე და სწორედ კარგი თამაში გაძლევს მოგების უკეთესს შანსს. ბევრ რამეს ვერ ვაკონტროლებთ – მეტოქეს, მსაჯს, ამინდს ან მოედნის მდგომარეობას, თუმცა ვაკონტროლებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მოედანზე. ამიტომ, წარმატებისთვის საუკეთესო გზაა დავრჩეთ კონცენტრირებულები ჩვენ საქმეზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით მეტ დადებითს მოგვიტანს, ვიდრე უარყოფითს.
სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ბევრს არ ვფიქრობთ. წინ კიდევ ოთხი რთული მატჩია. როგორც ადრე ვთქვით, საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ოთხივე გუნდმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენი სამივე მეტოქე იქ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, რაც აჩვენებს ამ ჯგუფის დონეს. ამიტომ, ამ ჯგუფში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი, თუმცა სექტემბერში კარგი სტარტის შემდეგ, გვსურს, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ, ბოლოს კი ვნახავთ, ვინ რომელ პოზიციაზე გავა”.
ოთარ კაკაბაძე: „სავსე სტადიონზე თამაშს მიჩვეულები ვართ. ბოლო პერიოდში ქართველი გულშემატკივრები გასვლით თამაშებზე მრავლად დადიან და სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. შევეცდებით, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ და ქომაგები სახლში ბედნიერები დავაბრუნოთ.
უკვე მეოთხე წელია პოლონეთში ვთამაშობ, ამ სტადიონზეც ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული. პოლონეთში შევიკრიბეთ და მხოლოდ რამდენიმე საათი დამჭირდა აქ ჩამოსასვლელად. შესაბამისად, თავს ძალიან კარგად ვგრნობ”.
უკრაინისა და საქართველოს მატჩი პოზნანში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი