ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რის შესახებ ნახსენები ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
http://serieapotm.easports.com-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო“), დიმარკოს („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა. კვარაცხელიამ სექტემბერში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის კუთვნილ პრიზს 26 ოქტომბერს “ლეჩესთან” საშინაო მატჩის დაწყებამდე მიიღებს.
„პლატფორმა EA SPORTS შემოსული დიდი რაოდენობით ხმები მოწმობს, რომ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილების სურვილი ბევრ გულშემატკივარს აქვს. კვარაცხელია „ნაპოლის“ და მთელი ჩვენი ლიგის სიმბოლოა. ის დიადი მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის მაღალი დონის თამაშს აჩვენებს და ახალგაზრდობისთვის დადებითი ფიგურაა. კვარაცხელია მიზანმიმართულობის და გაბედულების სიმბოლოა, რაც ამბიციური შედეგების მისაღწევად აუცილებელია. იმის წყალობით, რომ კვარაცხელიას „თვის მოთამაშედ“ მეოთხედ დაასახელეს, „ნაპოლის“ თავდამსხმელი პაულო დიბალას გაუთანაბრდა იმ მოთამაშეების ჩამონათვალში, რომლებმაც ეს ჯილდო ერთზე მეტჯერ მოიგეს“ – განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
გასაულ სეზონში კვარაცხელია თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ აღიარეს. ეს პრიზი, რომელიც 2019 წელს დაწესდა, მასზე და არგენტინელ დიბალაზე მეტჯერ არავის მოუგია.
გასული თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მებრძოლო 6 პრეტენდენტი Stats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა. საუკეთესოს დასახელების დროს მიმდინარე სეზონის მეოთხედან მეექვსე ტურის ჩათვლით ჩატარებული თამაშები გაითვალისწინეს.
ლაშა თაბაგარი





