კლიმოვმა „კოლხეთს“ ქულა გადაურჩინა, ჩემპიონმა შინ აუტსაიდერთან წააგო

0
4

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრე მესამე ადგილზე დაასრულა. 27-ე ტურში პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილი გუნდი ქობულეთის ტექნიკურ ცენტრში ფოთის „კოლხეთთან“88-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა შოთა შეყილაძემ კარგი პასი გაუკეთა ნიდერლანდელ ტაირელ ვაუტერს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. 67-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ფოთელი მცველების პოზიციური შეცდომით კარგად ისარგებლა შეყილაძემ, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა.
„კოლხეთს“ მხსნელად რუსი ფორვარდი კირილ კლიმოვი მოევლინა. 78-ე წუთზე გიორგი მელქაძის საუცხოო გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა კლიმოვმა ოსტატური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. 88-ე წუთზე, „კოლხეთის“ უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა ბურთი თამაშში ფეხით შეიყცანა და კლიმოვმა მეტოქის ნახევარზე რომარიკ ეტოუს სისწრაფეში აჯობა, რის შემდეგ ერთი შეხებით საჯარიმოსი გარედან ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეშვიდე გოლი ჩაიწერა.
„დილას“ 51 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით 29 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
კოლხეთი 1913 2:2 დილა 
დავითა პეტრიაშვილის სახელობის არენაზე “გაგრასა” და თბილისის “დინამოს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით “დინამომ” 32 ქულა დააგროვა და მე-3 წრე მე-5 ადგილზეა დაასრულა, ხოლო გიორგი ოანიანის დამოძღვრილი “გაგრა” 26 ქულით მერვეა.
გაგრა 0:0 დინამო თბ 
აუტსაიდერმა “სამტრედიამ” სტუმრად სძლია მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს”. მე-6 წუთზე ონორე გომისმა დაარტყა, მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია ბურთი და ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ ბათუმლები დააწინაურა – 1:0.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამტრედიელთა ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბოლო პასი გიორგი ქველაძისა იყო და კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში – 1:2.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი სამტრედიელები ახლა მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩებიან მეცხრე ადგილზე მყოფ თელავს. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ბათუმელებმა მე-3 წრე მე-4 ადგილზე დაასრულეს. “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
დინამო ბთ 1:2 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი