სიხარულიძემ „იბერიას“ თრილერში მოაგებინა

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურმა სტარტო წყალტუბოში აიღო, სადაც ადგილობროვი „სამგურალი“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ ლევან კორღალიძის გაწვრთნილ თბილისის „იბერიას“ დაუპირიპირდა და უხვგოლიან თრილერში დამარცხდა.
მატჩში, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან ცოტა გულშემატკივარი დაესწრო ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა ცოტნე კაპანაძემ ზუსტი პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გიზომამაგეიშვილს, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში თავით გაიტანა – 0:1.
მე-17 წუთზე „იბერიამ“ კუთხური გაითამაშა და მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, იური ტაბატაძის თავური მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მალელმა შეიკნე სილამ თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა – 0:2.
24-ე წუთზე „სამგურალის“ ხანგრძლივი შეტევის დროს, „იბერიას“ ფეხბურთელებმა საჯარიმოდან ვერ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საბოლოოდ ლუკა ხორხელს მიუვიდა და მასპინძელთა ფორვარდმა მიწაზე დაუშვებლად გაიტანა – 1:2. 53-ე წუთზე ლუკა ხორხელმა ბურთი თბილისელთა საჯარიმოში მიიღო და მარცხენა მახვილი კუთხიდან ძალიან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მე-10 გოლი ჩაიწერა.
59-ე წუთზე ლუკა ხორხელმა თავისი ნახევრიდან დაიწყო კონტრშეტევა და ილია ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში „ჩასვა“ – 3:2.
კორღალიძემ 67-ე წუთზე თამაშში ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე ჩართო და ეს შეცვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. 79-ე წუთზე წყაკტუბოელთა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა გიზო მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და სიხარულიძის თავურის მერე, ყალიჩავამ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვამ რაც გაშვებულ გოლად დაუჯდა – 3:3. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ შორი მანზილიდან დაარტყა და ყალიჩავამ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კარში სიხარულიძემ შეაგდო – 4:3.
„იბერია“ 52 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 31 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
სამგურალი 3:4 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი