საქართველოს ნაკრების და “მილანის” ლეგენდების პრესკონფერენცია

0
23

საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ლეგენდების მატჩამდე პრესკონფერენცია სასტუმრო “სვისოტელში” ჩატარდა. ქართულ მხარეს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია წარმოადგენდნენ, ხოლო “მილანიდამ” კლარენს ზედორფი, რიკარდო კაკა და იბრაჰიმ ბა იყვნენ.ლევან კობიშვილი: „კახა კალაძის დახმარებით, შევძელით და ვუმასპინძლებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც წლები ანიჭებდნენ სიამოვნებას ქართველ გულშემატკივრებს. კახის დამსახურებაა, რომ საქართველოში „მილანს“ ამდენი გულშემატკივარი ჰყავს და მადლობა მათ ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს, ქომაგები თამაშით ისიამოვნებენ“.
კახა კალაძე: „მადლობა ჩემს მეგობრებს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და დედაქალაქში ჩამოსვლისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან მიხარია ჩემი მეგობრების ჩამოსვლა, თითქოს ისევ ის პატარა კალა ვარ“.
თემურ ქეცბაია: “მადლობა თბილისის მერიას, კახას, რომლის ინიციატივითაც ეს მატჩი გაიმართება. საქართველოში ფეხბურთის ბუმია და მსგავსი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც იცით, კვიპროსის ნაკრები ერთი კვირის წინ დავტოვე, მაგრამ (იცინის) გუნდი მალე ვიშოვე და ბევრი არც მიფიქრია, შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი“.
კლარენს ზეედორფი: “საქართველოში მესამედ ჩამოვედი და ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესია. მიყვარს, როდესაც ერთად ვიკრიბებით. ყოველთვის სასიამოვნოა გულშემატკივრებთან შეხვედრა, ისინი ფეხბურთის განუყრელი ნაწილი არიან. კარგი შეგრძნებაა ჩემი მეგობრის, კახი კალაძის ნახვა. ცუდია, რომ დღესდღეობით ხშირად ვეღარ ვხვდებით. ამიტომ, მადლობელი ვარ ამ მატჩის ორგანიზებისთვის. მიხარია, რომ საღამოს მოედანზე ისევ ერთად გამოვალთ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კალასთანაც ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ძალიან პერსპექტიული გუნდია. ევრო 2024-ზე ფეხბურთელები კარგი გაგებით მშიერები იყვნენ და სურდათ ყველაფერი გაეკეთებინათ. აჩვენეს კონკურენტუნარიანობა და იმის პოტენციალი, რომ მომავალში უკეთესი ფეხბურთი ითამაშონ. ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს. ვფიქრობ, რომ ასე გააგრძელებენ და მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”.
კაკა: “საქართველოში პირველად ვიმყოფები. სასიამოვნოა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და იმის ნახვა, თუ როგორ უყვართ მილანის ფეხბურთელები. ჩვენც ბედნიერები ვართ მათთან შეხვედრით. სასიამოვნოა ძველ თანაგუნდელებთან ერთად თამაში და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა. ერთად ყველა ტიტული მოვიგეთ, მილანი მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ იყო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. დღესდღეობით ისინი ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ჩვენ კალას გამო თქვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობთ“.
იბრაჰიმ ბა: “გვიხარია, რომ კახა კალაძეს და საქართველოს ნაკრებს შევხვდებით. მაგრამ ეს “მილანია”, ყველგან მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე იქნება”.
ლაშა თაბაგარი