თბილისის „დინამომ“ ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო (2 ფრე და 2 მარცხი). 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში დინამოელებმა გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ნაცვლად დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მიიღეს.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 82-ე წუთზე „დინამომ“ მეტოქის ნახევარზე აუტი ჩააწოდა და მარცხენა ფლამგიდან ავსტრიელმა ახალწვულმა ნოსა ადოკპოლორიმ სტუმართა საჯარიმოში ალექსანდრე კალანდაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.
88-ე წუთზე ნოსამ თავის საჯარიმოში შოთა შეყილაძე წააქცია და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, რომელიც ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა გაიტანა – 1:1. აქვე გეტყით, რომ “დინამოში” დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ სოლომონ კვერკველიას ჰქონდა.
პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილს „დილას“ 48 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „იბერიას“ 3 ქულით ასწრებს, ხოლო „დინამო“ 27 ქულით მე-7 ადგილზეა.
დინამო თბ 1:1 დილა
ლადოს კაკაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შეხვედრის 30-ე წუთზე ანგარიში ინიგო მარტინიმ გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე ლუკა ხორხელმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სტუმრები ნიკა ხორხელმა დააწინაურა. 58-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ფრანსუა ეკონგოლომ გამოიჩინა.
მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით „სამგურალს“ 30 ქულა აქვს და მე-5 პოზიცაზეა, „სამტრედია“ კი 16 ქულით ბოლოა.
სამტრედია 2:2 სამგურალი
ლაშა თაბაგარი




