რამაზ სვანაძე: “ნიდერლანდებთან ურთულეს მატჩს ველოდები”

0
55

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძის აზრით, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დღეს C ჯგუფში ნიდერლანდებთან ვენლოსთან გასამართი მატჩი ურთულესი იქნება.
რამაზ სვანაძე: “რა თქმა უნდა, განწყობა დადებითია, რადგან წლების შემდეგ პირველად გვაქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპიდან მოვიპოვოთ. ნიდერლანდებთან ურთულეს შეხვედრას ველოდებით.
ვიცით, ვის ვხვდებით, რა დონის ფეხბურთელები ჰყავთ და მათ ზურგს რა დონის გამოცდილება უმაგრებთ. ამას გარდა, ნიდერლანდები სახლში თამაშობს და ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს და ვეცდებით, შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდი ნებისმიერ შეცდომაზე რეაგირებს და მოწინააღმდეგის დასჯას ახერხებს.
ამიტომ გვჭირდება კონცენტრაცია, ტაქტიკური მონახაზის შესრულება, ერთსულოვნება, მიღებული შანსები უნდა გამოვიყენოთ. ამავე დროს მწვრთნელებსაც გვაინტერესებს, ძლიერ მეტოქესთან ჩვენი ფეხბურთელები თავს როგორ წარმოაჩენენ და შარშანდელი წაგების შემდეგ რა შეიცვალა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ნიდერლანდები 8 მატჩში აღებული 24 ქულით ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ნაკრები ჯგუფში 16 ქულით მეორე ადგილზეა. ჩვენმა გუნდმს 7 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთადერთი მარცხი ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან (0:3) შინ განიცადა. ქართველმა ახალგაზრდებმა განვლილი 7 მატჩიდან ექვსში გოლი არ გაუშვეს. 9 სექტემბერს სვანაძის გუნდი ვენლოში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ჯგუფში მე-3 ადგილზე 13 ქულით შეედეთია, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. 9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.
ლაშა თაბაგარი