საქართველოს ნაკრების საუცხოო დებიუტი B ლიგაში – ჩაკვეტაძის ბენეფისი

0
28

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ერთა ლიგის B ლიგაში საუცხოო სტარტი აიღო. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა პირველ ჯგუფში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს. სანიოლის ხელში ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორივე გუნდში საუკეთესო გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ. მან ნაკრებში დაბრუნების მერე ასეთი დონის თამაში პირველად აჩვენა.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამგზის ოლიმპირ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა), ორიგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, ვიცეჩემპიონებს ტატო გრიგალაშვილს, ილიას სულამანიძეს (ყველა ძიუდო), თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმოიურ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს და  ვერცხლის მედლის მფლობელ გურამ მაჭარაშვილს, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს კრივში ლაშა გურულს, ბირთვის კვრაში პარალიმპიადის ჩემპიონ გიგა ოჩხიკიძეს, ტყვიის სროლაში პარალიმპიადის ვერცხლის მედლის მომგებ ვლადიმერ ჭინჭარაულს, პარალიმპიადზე ბრინჯაოს მედლის ამღებ ანა ჯაფარიძეს საამხსოვროდ ჩვენი ეროვნული გუნდის მაისურები გადასცა.
გარდა ამისა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძეს უეფას მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სფფ-ს ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილისგან მიიღო.
სანიოლმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და გიორგი გველესიანი დააყენა, მარჯვენა ფლანგზე – ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხენაზე – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვას გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და  ჩაკვეტაძე აკონტროლებდნენ, ხოლო თავდასხმაში მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ირჯებოდნენ.
საწყისი 10-12 წუთი უპირატესობას ჩეხები ფლობდნენ და გიორგი მამარდაშვილმა პატრიკ შიკის სახიფათო თავური გაანეიტრალა. თუმცა, ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ ჩვენმა გუნდმა იგდო და ბოლომდე არ გაუშვია. მე-13 წუთზე კვარაცხელია სტუმრების საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და პასი შორეულ ძელთან კაკაბაძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ჩააწოდა და მეკარემ ბურთი მეორე ცდით დაიმროჩილა. ცოტა ხანში, ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიწყო რეიდი და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა არაზუსტად დაარტყა. ტაიმის შუაწელში ასევე ძალიან კარგის მატჩის ჩამტარებელმა კიტეიშვილმა სტუმრების საჯარიმოში ჩაკვეტაძე მოძებნა, რომელმაც კარში დაარტყა, მაგრამ  შორეულ კუთხეში სათანადოდ ვერ „მოჭრა“ ბურთი, რომელსაც მეკარე დაეუფლა. ერთ წუთში კიტეიშვილმა გადააწოდა ბურთი საჯარიმოში გახსნილ მიქაუტაძეს, რომელმაც ცუდად დაარტყა.
28-ე წუთზე ჩაკვეტაძემ თავისი ნახევრიდან პასი შეტევაში ჩართულ კაკაბაძეს მისცა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ქოჩორაშვილმა ერთი შეხებით ბურთი დაიმორჩილა და მეორე კარში ოდნავ არაზუსტად გაგზავნა.
33-ე წუთზე ჩაკვეტაძის პასის მერე, ჩეხების საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ტრავმირებული რინეშის ნაცვლად მოედანზე შესულმა ზელენიმ წააქცია და მსაჯმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი კარგად შეასრულა და სანაკრებო კარიერაში მე-17 გოლი მიითვალა – 1:0. ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესი ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილს თემურ ქეცბაიასთან ერთად იყოფს.
36-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ჩვანჩარის დარტყმული ბურთი მცველს ფეხზე შეეხო და მამარდაშვილმა თავის ანგარიშზე მორიგი მოგერიება ჩაიწერა. ტაიმის მიწურულს კვარაცხელიას წამოწყებული მკონტრშეტევის დროს მიქაუტაძემ მცველს ბურთისთვის ბრძოლაში აჯობა და საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მიქაუტაძემ ჩეხების ნახევარზე ერთ მცველს აართვა ბურთი, რომელიც მეორეს ფეხებს შორის გაუტარა და მარცხენათი დაარტყა, თუმცა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. 53-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ირბინა და საჯარიმოში შესულმა საუცხოო გარღვევა გოლით დააგვირგვინა – 2:0.
63-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედნის შუაგულში ქუსლით დაუტოვა ბურთი ჩაკვეტაძეს, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გახსნილი ლოჩოშვილი მოძებნა, რომლის ჩაწოდების მერე მიქაუტაძემ ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად გაიტანა – 3:0.
66-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მორიგი ლამაზის კომბინაციის დროს ჩაკვეტაძემ საუცხოო პასი მისცა საჯარიმოში ქოჩორაშვილს, რომელმაც თავით შეაგდო – 4:0. მან ეროვნულ გუნდში პირველი გოლი მიითვალა.
მე-80 წუთზე მაამრდაშვილმა ლინგრის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ კალვახის „გასროლასთან“ ვერაფერი გააწყო – 4:1.
თამაშის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილი „ქომაგების“ სექტორში ავიდა და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანს წრე გულშემატკივრების ტაშის ფონზე დაარტყეს. მოედანზე ორი ახალგაზრდა ქომაგიც შევარდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან ჩაატარებს.
საქართველოჩეხეთი 4:1 (1:0)
7 სექტემბერი. თბილისი, “მიხეილ მესხი”.
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი (გოგლიჩიძე 88), კაშია, დვალი, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 75), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ნონიკაშვილი 75), ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 75).
მთავარი მწვრთნელივილი სანიოლი
ჩეხეთი: კოვარი, ზიმა, ჰრანაჩი, კრეიჩი; ცოუფალი, სოუჩეკი, კრალი (კალვახი 46), რინეში (ზელენი 26), პროვოდი (სულცი 76), ჩვანჩარა (ლინგრი 46), შიკი
მთავარი მწვრთნელიივან ჰაშეკი.
გოლები1:0 კვარაცხელია (33, პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53), 3:0 მიქაუტაძე (63), 4:0 ქოჩორაშვილი (66), 4:1 კალვახი (80).
გაფრთხილება ცოუფალი (16), კრალი (38), კვარაცხელია (74), კრეიჩი (81), ნონიკაშვილი (84), ქოჩორაშვილი (86),.
მთავარი მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი).
ლაშა თაბაგარი