რომან ფიფია: “დარასელიას თასი 2025-ში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს”

0
23

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას მიაჩნია, რომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება წლიდან წლამდე ვითარდება. მან ამის შესახებ ტურნირის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც წელს ახალი ფორმატით და სხვადასხვა სტადიონებზე ჩატარდა, ხოლო თასს ტურინის “იუვენტუსი” დაეუფლა.
რომან ფიფია: “დარასელიას თასი 2024 დასრულდა – გულშემატკივარმა აღნიშნულ ტურნირზეც უამრავი ქართველი და უცხოელი ტალანტი იხილა. პირველ ყოვლისა მსურს ჩემპიონობა მივულოცო ტურინის “იუვენტუსს”, დინამოელებს კი, მადლობა ვუთხრა თავდადებული თამაშისთვის, ასევე მადლობა ყველა მონაწილე გუნდს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურნირის ელჩების ჩართულობა. ჩვენი ლეგენდარული მოთამაშეები – თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი მომავალი თაობისთვის სამაგალითო პერსონები არიან. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ისინი დარასელიას თასის განვითარებაში საკუთარ როლს ასრულებენ.
ჩემთვის, როგორც ტურნირის დამაარსებლისათვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დარასელიას თასი წლიდან წლამდე ვითარდება და სულ უფრო მასში მონაწილეობა სულ უფრო პრესტიჟული ხდება. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დარასელიას თასი 2025-ში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ბოლოს კი, მადლობას ვუხდი ტურნირის საორგანიზაციო გუნდს Sports Orient-ს”.
ლაშა თაბაგარი