ხვიჩა კვარაცხელიასთვის იტალიის სერია A-ში სეზონი ძალიან უიღბლოდ დაიწყო. გარდა იმისა, რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ნეაპოლელები სტუმრად „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნაადრევად შეცვალეს. საქმე ისაა, რომ მას თვალში მეტოქის ხელი ძლიერად მოხვდა და პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან გასვლა თავად მოითხოვა. მატჩის შემდეგ კონტემ აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ დარტყმა თავის არეში მიიღო და მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო, მაგრამ ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
აქვე გეტყვით, ვიდრე შეცვლიდნენ კვარაცხელიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც მასპინძელთა საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ მცველმა „დააფარა“.
„ვერონადან“ 50-ე წუთზე ანგარიში დაილონ ლივრამენტომ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე მოსკერამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მოსკერამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დუბლი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
