დავით მუჯირი:”დინამო არენას” ხელმძღვანელებს პრობლემის დროულად აღმოფხვრას ვთხოვ”

0
27

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი “დინამო არენას” განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩებზე სტადიონზე მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება შეიძლება, სადაც 41000 გულშემატკივარი ეტევა.
დავით მუჯირი: “შესაძლებლობას ვართ მოკლებული, რომ ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი იარუსის გამოყენება მთლიანადაა აკრძალული, რაც თამაშის საორგანიზაციო კუთხითაც კი ხელს გვიშლის.
მეპატრონეები არიან პასუხისმგებლები, სტადიონი იყოს იმ კონდიციებში, რომ ამ რანგის მატჩის ჩასატარებლად ყველა ტრიბუნის გამოყენება შევძლოთ. ფიზიკურად გვესაჭიროება პირველი იარუსი, იქ, სადაც ადამიანები უნდა განთავსდნენ, უეფას ოფიციალური პირები და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები, ასევე ყველა ის ადამიანი, რომლებიც თამაშის ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებლები.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაში ჩავატაროთ იმ ფორმით, რომელიც საქართველოს ნაკრებს წარმატებაში შეუწყობს ხელს და საორგანიზაციო კუთხითაც გამართულად ვიქნებით. თუ კონკრეტული პრობლემა არსებობს, „დინამო არენის“ ხელმძღვანელებს ვთხოვ, დროულად აღმოფხვრან – ჩვენი ინტერესია, რომ ნაკრების თამაშს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს.
მომდევნო შეხვერა ოქტომბერში ალბანეთთანაა დანიშნული და ლოკაციად „მიხეილ მესხია“ მითითებული. თუ პრობლემა დროულად იქნება აღმოფხვრილი და „დინამოს“ ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სტადიონის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი, მზად ვართ, ალბანურ მხარესთან სტადიონის შეცვლა შევათანხმოთ და „მიხეილ მესხიდან“ „დინამო არენაზე“ გადავიტანოთ“.
7 სექტემბერს ერთა ლიგის B ლიგის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი