ბორის პაიჭაქძისა სახელობის “დინამო არენას” ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ამჟამად სტადიონს 41000 გულშემატკივრის მასპინძლობა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” 54000 ადამიანი ეტევა.
“დინამო არენას” დირექტორი თემურ პირტახია: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს „დინამო არენის“ მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
„დინამო არენის“ ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება – იქიდან გამომდინარე, რომ „დინამო არენის“ ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ გულშემატკივარს დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენის“ ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა“.
7 სექტემბერს ერთა ლიგის B ლიგის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი





