კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის ოთხი მატცი გაიმართა. აუტსაიდერმა სამტრედიამ შინ წააგო ფოთის კოლხეთი 1913-თან. ლაშა კოხრეიძემ საწყის 20 წუთში დუბლი შეასრულა: ჯერ გიორგი ახალაძის, მერე კი ირაკლი ჯიჯავაძის პასით. კოხრეიძეს სეზონში 6 გოლი მოუგროვდა და აქედან 4 სამტრედიას გაუტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქველაძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო 79-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დარტყმით 1:3 გახადა ანგარიში.
სამტრედიას მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. კოლხეთი 1913 კი მეექვსე საფეხურზეა: 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
სამტრედია 1:3 კოლხეთი 1913
დინამო თბილისმა თელავში მოიგო და მეხუთე ადგილზე დაბრუნდა. ერთადერთი გოლი დომინიკ რაიტერმა გაიტანა, რომელმაც ლევან თანდილაშვილის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. ეს მოხდა 21-ე წუთზე.
რაიტერი ავსტრიელია და ამ ზაფხულს შეუერთა დინამოელებს. ეს მისი პირველი გოლია საქართველოში. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:1. თელავი ბოლოსწინა ადგილზეა.
თელავი 0:1 დინამო თბ
დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და მეოთხე ადგილზე დარჩა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ გორის დილას, თან დილას ამ ტურში სათამაშო აქვს (სტუმრად სამგურალთან).
ბათუმელები იგებდნენ ალბანელი უერდი მარას შორიდან გატანილი ლამაზი გოლით. თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გაგრელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა ასევე შორიდან კიდევ უფრო ლამაზი გაიტანა – 1:1. გაგრა მერვე ადგილზეა.
გაგრა 1:1 დინამო ბთ
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუაში გაიტანა ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა, რომელმაც ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მშვენიერი პასი გამოიყენა და საჯარიმოში შესულმა ზუსრად დაარტყა. საინტერესოა, რომ ვაუტერი მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე.
ეს ნიდერლანდელის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში და მხოლოდ ტორპედოს ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს ჩამორჩება. იონსენს 11 გოლი აქვს.
და ერთი საინტერესოც: სამგურალი-დილა პირველ წრეშიც 0:1 დასრულდა და მაშინაც ვაუტერმა გაიტანა.
დილა 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა უახლოეს მდევარ ტორპედოს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. სამგურალს რაც შეეხება, გუნდი მეშვიდე ადგილზეა.
სამგურალი 0:1 დილა
