თბილისის “იბერიას” კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლის ამოცანა ძალიან გაურთულდა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მატჩში გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან სტამბოლის “ბაშაქშეჰირს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. არადა, “იბერიამ” რაც შეეძლო იბრძოლა და შანსი ჰქონდა არ წაეგო, მაგრამ დაცვაში დაშვებულმა ერთმა უხეშმა შეცდომამა მატჩის საბოლოო ბედი გადაწყვიტა. თამაშის დაწყებამდე ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პარიზში მოპოვებული ოქროს მედალი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს წარუდგინა და “იბერიას” წარმატება ისურვა, თან 8 აგვისტოს მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვა.
წყვილში ფავორიტად მიჩნეული “ბაშაქშეჰირი” ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და თბილისელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა ჭირდათ. მე-11 წუთზე თურქებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა დენიზ ტურუშმა მოძებნა ბარკაი ოზქანი, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და ბურთი კარს აცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმართა საჯარიმოში გასნილმა შეიკნე სილმა თანაგუნდელისგან დროული პასი მიიღო და ოდნავ მახვილი მარცხენა კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ახლო კუთხეში წასული რთული ბურთი მოიგერია.
მე-17 წუთზე “იბერიას” ცენტრალური მცველი გიორგი ჯგერენაია თავის საჯარიმოში ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო კემენმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 32-ე წუთზე გიორგ კოხრეიძის გადაცემის მერე, სილა მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ წინ გამოსულმა შენგეზერმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. ტაიმის ბოლოს წუთზე პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი ერთი-ერთზე გავიდა მაკარიძესთან, თუმცა, სუსტად დაარტყა და თბილისელთა მეკარემ გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამის შემდეგ მაკარიძემ პიონტეკს საკმაოდ მკაცრად ესაუბრა – რამ გააბრაზა ალბათ ყველაზე კარგად თვითონ იცის.
მეორე ტაიმის დასაწყისში უნურ ერგუნმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა. 53-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 22 მეტრიდან გაგზავნა მოწინააღდეგის კარში ბურთი, რომელიც შენგეზერმა გაჭირვებით მოიგერია. 57-ე წუთზე “ბაშაქშეჰირის” შეტევა კემენმა კარში დარტყმით დაასრულა და ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. 62-ე წუთზე სტამბოლელთა კონტრშეტევა მასპინძლების საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა დავიდსონმა დარტყმით დაამთავრა და მაკარიძემ დამაჯერებლად ითამაშა.
ტაიმის შუაწელში გიზი მამაგეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და სილას თავური არაზუსტი აღმოჩნდა. 68-ე წუთზე დიმიტრიოს პალიკასმა სახიფათოდ დაარტყა და მაკარიძემ ისევ იყიჩაღა. კორღალიძეს მოედანზე ფორვარდ თორნიკე ახვლედიანის შეყვანა სურდა, რაც ვერ მოახერხა, რადგან ფეხბურთელი განაცხადში 27 ნომრით იყო შეყვანილი, ხოლო თავად 20-ნომრიანი მაისური ეცვა.
82-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო სილამ ცუდად დაამატა. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ოზქანმა სახიფათიდ შეუტია თბილისელთა კარს და მაკარიძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 87-ე წუთზე ერგუნის ძალიან კარგი პასის მერე, “იბერიას” დაცვა ჩავარდა და მეკარესთან მარტო დარჩენილმა დავიდსონმა ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა.
გოლის გაშვენოს შემდეგ “იბერიამ” გაიბრძოლა და სტამბოლელთა საჯარიმოს მისადგომებიდან მამაცაშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას გადაცდა. ცოტა ხანში, გიზი მამაგეიშვილი მეურვეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – შენგეზირს ბურთის დაუფლება არ გაჭირვებია.
თამაშის სემდეგ პრესკონფერენციაზე კორღალიძე არ გამოცხადდა და მის მაგივრად მეორე მწვრთნელი ნიკა გუშარაშვილი მოვიდა ფორვარდ იური ტაბატაძესთან ერთად.
“იბერია” (თბილისი) – “ბაშაქშეჰირი” (სტამბოლი) 0:1 (0:0)
8 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
“იბერია” (თბილისი): მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი (სიხარულიძე, 90+2), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი, 74), ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი, 80), გ. მამაგეიშვილი, სილა.
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
“ბაშაქშეჰირი” (სტამბოლი): შენგეზერი, კემენი, ლეო დუარტე, ოპოკუ, შაჰინერი, პელკასი (კენი, 80), ერგიუნი, იოზჯანი (ლიმა, 88), თურუჩი (გიულერი, 80), დავიდსონი, პიონტეკი (ფიგეირედო, 72.)
მთავარი მწვრთნელი: ჩაგდაშ ატანი.
გოლი: 0:1დავიდსონი (87)
გაფრთხილება: სილა (21), შაჰინერი (21), პიონტეკი (45), ერგიუნი (45+2), ნონიკაშვილი (51).
მთავარი მსაჯი: დ. დიკინსონი (შოტლანდია).
ლაშა თაბაგარი
