ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა. მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად კვიპროსში 1:3 წააგო, ხოლო სახლში – 1:2 და ჯგუფში მოსახვედრად ბრძოლას ნიქოზიელები განაგრძობენ.
მატჩის მე-7 წუთზე ფელიპე პირესი მეტოქის ნახევარზე ერთ კვიპროსელ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბიორნ იონსენმა მცველს დაასწრო და თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. ცოტა ხანში ისევ პირესმა შეუტია მარჯვნიდან და ამჯერად ზუსტი პასი საჯარიმოში ლაშა შერგელაშვილს მისცა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა. „ომონიამ“ ქუთაისელებს ი3ერაკოვიჩის სახიფათო დარტყმით უპასუხეს და კლიაიჩმა საიმედოდ ითამაშა.
მე-20 წუთზე ჰამასმა საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა და სერბმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ხუთ წუთში ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი სემედუ ნიკა სანდოხაძეს გაექცა და პასი სტეპინსკის გაუკეთა, რომელმაც თითქმის კარის ხაზიდან გაიტანა – 0:1.
47-ე წუთზე ელიტონ ჟუნიორმა თავისი ნახევრიდან გრძელი დიაგონალური პასი გაუკეთა სტუმართა ნახევარზე გახსნილ ვარლეის, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან პასუ გაუკეთა „ომონიას“ საჯარიმოში მომო იანსანეს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1. იანსანემ კვიპროსელთა კარი ზედიზედ მეორე მატჩში აიღო,
67-ე წუთზე „ომონიას“ რიგებში ყველაზე აქტიურ სემედუს შეეძლო გატანა, როცა „ტორპედოს“ საჯარიმოში ბურთ კარგ პოზიციაზე მიუვიდა და დაარტყა, თუმცა კლიაიჩმა ხიფათი გაანეიტრალა.
81-ე წუთზე „ტორპედოს“ მცველმა თავის საჯარიმოში „ომონიას“ ფეხბურთელთა ორთაბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სემედუმ გამოიყენა. მატჩის მიწურულს ფაცაციამ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და კვიპროსელთა მეკარემ ბურთი უკუაგდო.
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ომონია” 1:2 (0:1)
1 აგვისტო. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
“ტორპედო”(ქუთაისი): კლიაიჩი, სანდოხაძე, სახო, ნადარაია, ელიტონ ჟუნიორი, გიგაური (ჟორჟინიო, 71), ვარლეი, შერგელაშვილი (ფაცაცია, 71), პირესი, იანსანე, იონსენი.
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი
“ომონია”: ფაბიანო, მასურასი (დიუნკუ, 23), პანაიოტუ (ჰელანდერი, 86), კულიბალი, ხამასი, ხარალამპუსი (ევანდრო, 73), მარიჩი, ერაკოვიჩი (კუსულასი, 86), შიმიჩი, სემედუ, სტეპინსკი (კაკულისი, 72).
მთავარი მწვრთნელი:ვალდას დამბრაუსკასი
გაფრთხილება: პანაიოტუ (45), ხამასი (57), ხარალამპუსი (61), იანსანე (66), ფაცაცია (79).
არბიტრი: ი. ბარბარა (მალტა)
ლაშა თაბაგარი





