თბილისის “იბერიას” მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ტირანას “პარტიზანთან” 2:0 გამარჯვების მიუხედავად, ჯერ ნახევარი საქმეც არაა გაკეთებული. მან ამის შესახებ თამაშის შემდეგ პრეაკონფერენციაზე განაცხადა, რომლსაც თბილისელთა მარცხენა მცველი გიორგი ჯინჯოლავაც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “”გილოცავთ ამ გამარჯვებას. მთლიანად საქართველოს ვულოცავ, მაგრამ ჯერ ნახევარი გზაც არ გაგვივლია და რამდენიმე დღეში საპასუხო მატჩი გველოდება. ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია, რაც ამ მატჩშიც გამოჩნდა. წინ მეორე ბრძოლა გველოდება, შევეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. თანამედროვე ფეხბურთში, ვფიქრობ განსაკუთრებულად კომფორტული ანგარიში არ არსებობს.
მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და მე-12 მოთამაშის ფაქტორი დავინახეთ.
რიგ მომენტებში, ტონუსიდან ამოვარდნა გვეტყობოდა და ვფიქრობ, ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გვჭირდება. ამ კუთხით, ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, საპასუხო მატჩისთვის მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიქნებით.
28 რიცხვში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე თამაში გვიწევს, მეორე დღეს გვაქვს ფრენა, 4 აგვისტოს კი უკვე საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩი გველის “თელავთან”. რთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ პროფესიონალები ვართ და საქმეს ასე უნდა მივუდგეთ. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ სათასო მატჩი გადაგვედო და ალბანეთში უფრო მეტად დასვენებულები ჩავსულიყავით, მაგრამ არ ხერხდება.
საბა მამაცაშვილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მას არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ჩემთვის, მწვრთნელისთვის ასეთი ფეხბურთელების ყოლა, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად თამაში შეუძლიათ, კომფორტია.
ვიცით, რომ არამხოლოდ “იბერია 1999-ს”, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ და მნიშვნელოვანია, რომ კოეფიციენტი გავიუმჯობესოთ, რათა შემდეგ წელსაც საქართველოს ევროპულ ტურნირებზე ისევ 4 გუნდი ჰყავდეს და არა 3″.
გიორგი ჯინჯოლავა: “მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ, ვიაზრებთ, რომ საპასუხოდ, რთული შეხვედრა გველოდება. დიდი ალბათობით, მეტოქეს ბევრი ქომაგი ეყოლება და მარტივი მატჩის მოლოდინი არ გვაქვს. შევეცდებით, რომ ის დავალებები, რომლებსაც სამწვრთნელო გუნდი გვაძლევს, საპასუხო შეხვედრაშიც სწორად შევასრულოთ და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. დღევანდელ თამაშში მეტოქე ფეხბურთელების მხრიდან იყო პროვოკაციები. მათ ჩვენ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოეგოთ”.
ლაშა თაბაგარი
