მწვრთნელის რანგში ლევან კორღალიძის დებიუტი ევროსარბიელზე წარმატებული აღმოჩნდა. “იბერიაში” მესამედ მობრუნებული 44 წლის სპეციალისტის შეგირდები კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მიხეილს ემსხის სახელობის სტადიონზე ტირანას “პარტიზანს” შეხვდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს. მატჩი ხისტი ორთაბრძოლებოთ დატვირთული აღმოჩნდა, რასაც მსაჯის მიერ ნაჩვენები 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მოწმობს. სხვათა შორის, “იბერია” ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში მოიგო.
თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას თავიდან დაეუფლნენ და მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი იური ტაბატაძე მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა მასპინძლების შეტევა გაგრძელდა და კარის ახლოდან გიზო მამაგეიშვილის არცთუ კარგად დარტყმული ბურთი ტირანელთა მცველმა მოიგერია.
მე-9 წუთზე მამაგეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და შოთა ნონიკაშვილის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. ერთ წუთში გიორგი კოხრეიძემ კარგად შეაყოლა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ შეიკნე სილას, რომელმაც მახვილი კუთიდან დაარტყა და მეკარემ არ გაატანინა. ტაიმის შუაწელში ალბანელების კონტრშეტევა საჯარიმოს მისადგომებიდან გეიეს დარტყმით დასრულდა და საქართველოს ნაკრების ექსმეკარე გიორგი მაკარიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
30-ე წუთზე “იბერიას”კონტრიერიშის დროს კოხრეიძემ კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ მამაგეიიშვილს, რომელმაც ფინტით ჩამოიცილა მცველი, ამ უკანასკნელმა კი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნონიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა – 1:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კაპანაძემ ორიგინალურად დაამუშავა საკმაოდ რთული ბურთი და მარჯვენა ფლანგიდან გრძელი დიაგონალური პასი გაუკეთა საჯარიმოში ნონიკაშვილს, რომლის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში “პარტიზანი” კაცნაკლული დარჩა, რადგან რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 57-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელთან “კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა პასი თითქმის კარის ხაზზე მდგომ შეიკნე სილას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაზარდა – 2:0.
65-ე წუთზე ზგურომ თბილისელთა საჯარიმოში ბუჯელაი მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შეიკნე სილა დარჩა “პარტიზანის< მეკარესთან პირისპირ და ბურთი თავში მოახვედრა. 71-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჯინჯოლავამ გაუკეთა პასი კარის წინ გახსნილ ტაბატაძეს, რომელიც ბურთს კარგად ვერ მიწვდა, თორემ შესაძლოა გოლი გაიეტანა.
“იბერია” საპასუხო მეხვედრა “პარტიზანთან” პირველ აგვისტოს ნტირანაში ჩაატარებს. მანამდე, კორღალიძის გუნდი 28 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
“იბერია“ (თბილისი) – „პარტიზანი“ (ტირანა) 2:0 (1:0)
25 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90), გ. მამაგეიშვილი (ჯავი 90), ტაბატაძე (საბა გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79).
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
„პარტიზანი“: ქირკო; ბუჯელაი (კეკო 88), სემბელე, ბიტიკი (ჯანჯევა 46), ჰადროი, მეჰმეტი (ტაიპი 71), გეიე, ზგურო, რაპაი; კარა (პილოტო 71), ბინცუკა (ისმაილი 62).
მთავარი მწვრთნელი: ორგეს შეჰი.
გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57).
გაფრთხილება: რაპაი (7), ბონცუკა (19), მამაგეიშვილი (27), კოხრეიძე (34), გეიე (36), ბიტიკი (44), კარა (48), რაპაი ( 47), ნონიკაშვილი (69).
გაძევება: რაპაი (47).
მთავარი მსაჯი: ანდრეი ფლორინ ჩივულეტე (რუმინეთი).
ლაშა თაბაგარი
