ტირანას “პარტიზანის” მთავარი მწვრთნელი ორგეს შეხი კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში “იბერიასთან” გასამართ მატჩში თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს. ალბანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორგეს შეხი: “მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მოსასვლელად რთული გზა გავიარეთ და ორი მატჩი ვითამაშეთ. აქ მაქსიმალურად წარმატებული შედეგის დასაფიქსირებლად ჩამოვედით, მაგრამ არ მივიჩნევთ, რომ ფავორიტები ვართ.
ორი წლის წინ “პარტიზანმა” “იბერია 1999-სთან” უკვე ითამაშა, ასევე, მე “ტირანას” მთავარი მწვრთნელის რანგში ბათუმის “დინამოსთან” მატჩების დროს ვიმუშავე. ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ.
საქართველოს ნაკრების წარმატებულმა ევროპის ჩემპიონატმაც კიდევ უფრო მეტი რამ გვასწავლა და მთლიანად, მეტოქესთან სათამაშოდ, მაქსიმალურად მომზადებულები ვართ.
ალბანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქვეყანაში საფეხბურთო სამყაროს განვითარებას დაეხმარება. როცა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, მე ნაკრებში ვთამაშობდი.
მას მერე, როგორც ალბანეთის, ისე საქართველოს საფეხბურთო ცხოვრება უფრო მეტად განვითარდა და სწორი მიმართულებით სიარული დაიწყო. არა მხოლოდ სათამაშო მიმართულებით, ინფრასტრუქტურული კუთხითაც. მე უკვე მეორედ ვარ საქართველოში და ვხედავ კიდევ ერთ ძალიან კარგ სტადიონს.
წინა ეტაპზე სხვა და სხვა სქემის გამოყენება მოგვიწია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ შევცვლით თუ არა რამეს”.
“იბერია” – “პარტიზანის” შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
