თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის აზრით, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირანას “პარტიზანთან” მატჩში ფინანსურ მოტივაციაზე გაცილებით უფრო დიდი რამ გულშემატკივრების გახარებაა. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თბილისელთა ფორვარდი გიორგი კოხრეიძეც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “მიმაჩნია გამიმართლა, რომ გუნდში ნაცნობი ფეხბურთელები დამხვდნენ. ბევრი მათგანი ჩემს დროს მოვიდა გუნდში და მათთან მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს.
მართალია, მცირე დრო გვქონდა, მაგრამ შევეცადეთ, რომ ამ თითქმის ორ კვირაში, “პარტიზანთან” მატჩისთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავით.
გუნდში ორი კვირის მოსული ვარ და წარსულ შედეგებზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე საუბრის მორალური უფლება არ მაქვს. გარდა ამისა, ყაზახეთის ჩემპიონატში ვმუშაობდი და გუნდის შედეგებს მხოლოდ სტატისტიკურად ვადევნებდი თვალს. გიორგი მიქაძის გაწეულ შრომაზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.
როგორც მწვრთნელს, ევროპულ ტურნირებზე დებიუტი მაქვს. როგორც ფეხბურთელს ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ გუნდს არ ეხება, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ და მსურს რაც შესაძლოა კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.
ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია. საშუალო ასაკი 23 წელი გახლავთ და ახალგაზრდულ გუნდად შეგვიძლია ჩავთვალოთ. როგორც იტყვიან ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რომელიც სათამაშო სისტემას მატჩებიდან მატჩებამდე და ასევე უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს ხშირად ცვლის. როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარე ყველა გუნდს გააჩნია და შევეცდებით, რომ ჩვენი ანალიზი ფეხბურთელებამდე მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ და გადავცეთ ის მონახაზი და დავალებები, რაც გვაქვს.
გიორგი მაკარიძის დამატება ჩვენი გუნდისთვის სერიოზული ძალის დამატებაა. მიხარია, რომ მან ჩვენს გუნდში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და პირადად მე და მთელს გუნდს, მისი ძალიან გვეიმედება. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, სასელექციო მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, მაგრამ უახლოეს დღეებში სიახლეს არ ველოდებით.
მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, რომ სტადიონზე მივიდნენ. ჩვენი თამაშით, შევეცდებით, რომ მათ იმედი არ გავუცრუოთ. შევეცდებით, რომ ქომაგები შინ ბედნიერები გავუშვათ.
ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ყოველგვარ ფინანსურ მოტივაციაზე უფრო დიდი რამ ისაა, რომ ჩემი ოჯახის წევრები, თქვენი ოჯახის წევრები, გულშემატკივრები სახლში გახარებულები წავლენ. რაც მე საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ვნახე, ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს. თორემ კონკრეტულად პრემიალური თანხის რაოდენობა ვიცით”.
გიორგი კოხრეიძე: “ლევან კორღალიძესთან მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის, ამის გამოცდილება აქამდეც გვქონია და მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.
ფეხბურთში ჩავარდნები და აღმასვლები ყველა გუნდს აქვს, მაგრამ ჩავარდნა დიდხანს გაგვეწელა. ბევრი პრობლემა შეიქმნა და ამდენი მატჩის წაგება კარგი ნამდვილად არ არის. სხვისკენ ხელს ვერ გავიშვერ და ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურად უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა.
სტადიონზე გულშემატკივრის მოსვლას ველოდები და წინასწარ, ყველა მათგანს მადლობას ვუხდი, გპირდებით, რომ გავიმარჯვებთ და იმედებს არ გაგიცრუებთ.
საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. ერთ-ერთი ის ფეხბურელი ვარ, რომელსაც ნაკრებში თამაში სურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენი უკვე ვილი სანიოლის გადასაწყვეტია. საქართველოს ნაკრების წარმატება ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და დროა საკლუბო დონეზე კარგად გამოვიდეთ”.
“იბერია” – “პარტიზანის” მატჩი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
