ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ სტივ კინს მიაჩნია, რომ მისი გუნდი უმატებს და შედეგიც აუცილებლად იქნება. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ალბანეთის “ტირანასთან” და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება.
სტივ კინი: “პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა გუნდის ყველა ფეხბურთელს – ადგილზე არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. რთული მატჩი გამოვიდა, ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ სწორი მუშაობით შემდეგ ეტაპზე გავედით.
კარგი გუნდი ვართ, ვპროგრესირებთ, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ. რაც მთავარია, ვიზრდებით და შედეგიც მოვა.
ბოლოს განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”. დიდი მანძილის მიუხედავად, ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენს გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მადლობა”.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი
