ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს თავის გუნდთან ერთად ისტორიის დაწერა სურს. უკრაინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში რაზგრადის “ლუდოგორეცთან” დღეს გასამართ საპასუხო მატჩამდე განაცხადა.
ანდრეი დემჩენკო: “გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან, ამიტომაც, შეხვედრა მოუთმენლად ველოდებით. გვსურს ამ მატჩში რეაბილიტაცია, წინა თამაშმა გვანახა, რომ „ლუდოგორეცი“ არც ისე საშიშია, როგორც ვფიქრობდით.
მომავალი შეხვედრა დიდ იმედებს გვაძლევს. გვსურს მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ და ისტორია დავწეროთ. თუ იქნება დადებითი შედეგი, წამოვწევთ როგორც ფეხბურთელების, ასევე ქართული ფეხბურთის რეიტინგს, ასე რომ ამ მატჩს დიდი იმედებით ველოდებით”.
“დინამომ” პირველი შეხვედრა ბულგარეთის 13-გზის ჩემპიონთან სტუმრად 1:3 წააგო. საპასუხო თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
