გერმანია 2016 წლის შემდეგ პირველად 1/4-ფინალშია

0
16

ევრო 2024-ს მასპინძელი გერმანიის ეროვნული ნაკრების 1/4-ფინალში გავიდა. დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილი ბუნდესნაკრები დანიას დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრის სტარტზე გერმანელების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, შლოტენბერგმა თავურით ანგარიში გახსნა. თუმცა, გოლი არ ჩაითვალა, რადგან მსაჯმა ერთ-ერთი გერმანელი ფეხბურთელის მხრიდან დანიელთა მეკარე კასპერ შმეიხელზე თავდასხმა დააფიქსირა. ამის შემდეგ დანიელთა კარს ჰავერცი დაემუქრა და შმეიხელმა სკანდინავიელები გადაარჩინა. 34-ე წუთზე თამაში შეწყდა, რადგან დორტმუნდში ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელსაც სეტყვა და ჭექა-ქუხილი დაერთო. თუმცა, გუნდებს დასვენება დიდი ხანია არ მოუწიათ და მოედანზე დაბრუნდნენ, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე დანიელმა ანდერსენმა გერმანელთა კარი აიღო. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოსისტენთან გადაამოწმა და გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე დააფიქსირა. 51-ე წუთზე რეფერიმ ანდერსენზე თავის საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და გერმანელთა სასარგებლოდ პენალტი დადო, რომელიც ჰავერცმა გოლად აქცია – 1:0.
68-ე წუთზე შლოტენბერგმა თავისი ნახევრიდან ძალიან კარგი პასი გაუკეთა მუსიალას, რომელიც შმეიხელთან პირისპირ გავიდა და მოწინააღმდეგის კარი აიღო – 2;0. ამ ეპიზოდში შმეიხელი კარიდან ჯერ გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა და ამით საკუთარი გუნდის მცველებიც დააბნია. მატჩის მიწურულს ჰავერცი შმეიხელთან პირისპირ დარჩა და ბურთი კარს ააცილა. მუსიალა 3 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირების დავაში გიორგი მიქაუტაძეს გაუტოლდა. გერმანია 2016 წლის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი