ლუის დე ლა ფუენტე: „კვარა ტოპ-მოთამაშეა“

0
25

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მთელ „ფურია როხას“ სჯობს.
ლუის დე ლა ფუენტე: „მამარდაშვილმა თავისი თანაგუნდელები უნდა დაიცვას. კვარა ტოპ-მოთამაშეა. თუმცა, მეც მიმაჩნია, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესო არიან“.
გარდა ამისა, ესპანელთა თავკაცმა კიოლნში გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
„მომავალი მატჩი  სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე საქართველოსთან საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. თუ არ ვცდები, სანიოლმა თქვა, რომ ჩვენთან 1:7 წაგებით გაიზარდნენ და მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ასე რომ განსხვავებული თამაში იქნება, სადაც ნებისმიერ შეცდომას დიდი ფასი ექნება. საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, რაც ადასტურებს, რომ ეს გუნდი მზადაა.
ფეხბურთში ბევრი სიურპრიზი გვინახავს, მხოლოდ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს. როგორც ვთქვი, საქართველომ პორტუგალიას აჯობა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების პოტენციალი აქვს. მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ მოსაგებად, რისი დიდი იმედიც გვაქვს. თუმცა, ფეხბურთში არასოდეს იცი რა მოხდება.
მეტოქის ერთ-ერთი მთავარი თვისება და ძალა კონტრშეტევებშია, ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ და ყოველი მცირე დეტალი გასათვალისწინებელია, რადგან ბევრი პლუსი გააჩნიათ.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებთან სხვადასხვა დროს მითამაშია, 2015 წლიდან და ვიცი, რომ დიდი პროგრესი განიცადეს. ბევრი ფეხბურთელი ევროპულ ლიგაშია, რაც ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი გაიზარდა. ვილი სანიოლმაც დიდი სამუშაო შეასრულა, ძალიან გამოცდილი ადამიანია, მას კარგად ვიცნობ და მიხარია, რომ წარმატებით მუშაობს.
რასაც კარგად ვაკეთებთ, კიდევ უფრო კარგად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სტილი ფეხბურთელების ბუნებრივი მდგომარეობაა, მათ მოსწონთ ამ სტილით თამაში. საქართველოს ძლიერი მხარეები აქვს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა შევცვალოთ და მეტოქეს მოვერგოთ. თუმცა, რთული თამაში გველოდება და ყურადღებით უნდა ვიყოთ“.
ლაშა თაბაგარი