ევროტურნირების მეორე ეტაპის წილი ნაყარია

0
46

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას შტაბბინაში ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის (ბულგარეთი-საქართველოს ნაკრებთა ბოლო დაპირისპირება სწორედ ამ ქალაქში ჩატარდა) “ლუდოგორეცს” უნდა დაუპირისპირდეს, გამარჯვების შემთხვევაში მინსკის “დინამოსა” და სომხეთის “პიუნიკს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თუკი საქართველოს ჩემპიონი “ლუდოგორეცის” ბარიერს ვერ გადალახავს, ასპარეზობას გააგრძელებს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც “ნიუ სეინთსა” (უელსი) და “დეჩიჩს” (ჩერნოგორია) შორის საუკეთესოსთან გაარკვევს ურთიერთობას.
კონფერენსლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისი “ტორპედოს” მეტოქე კვიპროსული  “ომონია” იმ შემთხვევაში იქნება, თუ ქუთაისელები  “ტირანას” ბარიერს დაძლევენ.
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მოწინააღმდეგე იქნება სერბეთის “რადნიჩკი”, თუ დინამოელები ჩერნოგორიის ბარის “მორნარს” აჯობებენ.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი “იბერია 1999”, კონფერენსლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მალტის “მარსაქსლოკსა” და ალბანეთის “პარტიზანის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს გაიმართება.