საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ევრო2024-ის სასტარტო მატჩში ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ დარჩენილა, ჩეხეთთან ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას კი იმედიანად ელის:
„შედეგით, რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. თურქეთი ჩვენი უშუალო კონკურენტია და მასთან მარცხი სატურნირო მდგომარეობას გვირთულებს. თამაშია ხარისხი კი გულშემატკივრებს, მწვრთნელებს და ნაკრების მოთამაშეებს ოპტიმიზმის საფუძველს გვიტოვებს. საგოლე მომენტები რომ დავითვალოთ, მგონია, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. მათ მიერ გატანილი გოლები საოცარი იყო, მაგრამ მაგაზე ბევრად კარგი საფეხბურთო შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთი კარში არ გავიდა. ამან შედეგზე იქონია ზეგავლენა. თუმცა თურქეთთან შეხვედრის შედეგი შემდეგი თამაშისთვის გაკვეთილი იქნება.
ახლა მთლიანად უნდა გადავერთოთ ჩეხეთზე და ეს შეხვედრა დადებითი შედეგით უნდა დავასრულოთ“.
