შენგელიამ ივარჯიშა, ტომასონი დაემატა, სამი გამოაკლდა

0
36

ბოლოდროინდელი დატვირთული ვარჯიშების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდის წევრებს განტვირთვის საშუალება მისცა, რის შემდეგაც, სტანდარტული, ცოტა განსხვავებული ვარჯიში ჩატარდა.
სხვაობა ის გახლდათ, რომ მეტი დრო დაეთმო კალათბურთის თამაშს – 4-4-ზე და 5-5-ზე.ის კომბინაციები, რაზეც აქამდე მიდიოდა მუშაობა, თამაშის დროს კიდევ უფრო დამუშავდა და დაიხვეწა. განსხვავება იყო მოთამაშეთა რაოდენობაშიც. ნაკრებთან ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ.
ტრევიზოში ჩამოვიდა ამერიკელი ნატურალიზებული მოთამაშე, ჯო ტომასონი, რომელიც სასტუმროში იმ დროს მივიდა, როცა ნაკრების წევრები ვარჯიშზე გავიდნენ. ტომასონმა დაისვენა და შემდეგ ვარჯიშზე ვარჯიშებში სრულფასოვნად ჩაერთვება.
ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში გაემგზავრნენ გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი.  ამჯერად ვერ ივარჯიშა ოთარ ფხაკაძემ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა და ექიმების დასკვნას ელოდება, გააგრძელოს ვარჯიში თუ თბილისში დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ქალაქ ტრენტოში 21 ივნისს გაემგზავრება, სადაც წვრთნის პროცესს გააგრძელებს და 23 ივნისს ამხანაგურ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.