ევროპის 2024 წლის ჩემპიონატმა სტარტი მიუნხენში „ალიანს არენაზე“ აიღო, სადაც არცთუ სანახაოებრივი გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ტურნირის მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდიისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა.
იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილებმა პირწმინდად დაჩაგრეს ბრიტანელები, რომლებიც უჩვეულოდ უსუსურად გამოიყურებოდნენ. შეხვედრის მე-10 წუთზე შეტევაში ჩართულმა კიმიხმა მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა მეტოქის საჯარიმოს თითქმის ხაზთან მყოფ ვირცს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0. ის გერმანიის ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. მე-19 წუთზე მუსიალამა შოტლანდიელების საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიცილა და აუღებლად დაარტყა – 2:0.
პირველი ტაიმის მიწურულს პორტეუსის თავის საჯარიმოში ძალიან უხეშად ჩაუვარდა ფეხებში გერმანელთა კაპიტან გიუნდოგანს, რომელიც მძიმე ტრავმას გადაურჩა. ფრანგმა მთავარმა მსაჯმა ტურპენმა შოტლანდიელი გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც ჰავერცმა გამოიყენა 3:0.
მეორე ტაიმში შეცვლ;აზე შესულ ფიულკრუგს ბრიტანელთა მცველის ფეხიდან ბურთი საჯარიმოში მიუვიდა და ძლიერი დარტყმით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:. 87-ე წუთზე რუდიგერმა თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა – 4:1. მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე წერტილი ემრე ჯანმა დასვა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით გაიტანა – 5:1. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად მუსიალა დაასახელეს.
გერმანიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. გარდა ამისა, ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში ასეთი ანგარიში პირველად დაფიქსირდა. გერმანიამ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში თავისი 28-ე თამაში მოიგო. არცერთ სხვა გუნდს ნახსენებ ტურნირზე 21 მატჩის მეტი არ მოუგია.
გერმანელთა თავკაცი ნაგელსმანი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელია.
ლაშა თაბაგარი
