გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მეორე სათაამშო დღის ცენტრალური მატჩი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგა, რომელშიც ესპანეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და თავისი გამარჯვება ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია.
ლუსი დე ლა ფუენტეს გუნდმა ორივე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევა. შეხვედრის 29-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ფაბიან რუისმა ძალიან კარგი პასით ხორვატების მეკარესთან პირისპირ ალვარო მორატა გაიყვანა და ესპანელთა კაპიტანმა ანგარიში გახსნა. მან ნაკრებში თავისი 36-ე გოლი გაიტანა და დავიდ სილვას გაასწრო. მასზე მეტჯერ თავი “ფურია როხაში” დავიდ ვილიამ, ფერნანდო ტორესმა და რაულმა გამოიჩინეს.
32-ე წუთზე ფაბიან რუისი ხორვატების საჯარიმოში ფინტებით ჯერ მოდრიჩს გაცდა, შემდეგ ბროზოვიჩს და ზუსტი დარტყმით დაბალ კუთხეში გაიტანა. ამის შემდეგ, თავის გამოჩენა ხორვატებსაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ მაიერმა ახლო მანძილიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა, ხოლო შემდეგ გვარდიოლმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
პირველი ტაიმისთის დამატებულ მე-2 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლამინ იამალმა ბალკანელების საჯარიმოში პასი კარვახალს გაუკეთა, რომელმაც მცველების “ჩავარდნით” ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. 16 წლის და 338 დღის ასაკში იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოდესმე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და თან საგოლე გადაცემა მიითვალა.
მეორე ტაიმის შუაწელში ალვარო მორატამ მოედნის ცენტრში უწყინარ ვითარებაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მანამდე მაიერმა გაუშვა გოლის გატანის რეალური შანსი, როდესაც მისი დარტყმული ბურთი კუკურელიამ კარის ხაზიდან გამოიტანა, ხოლო სტანიშიჩის თავურმა არ ივარგა.
მე-80 წუთზე ესპანელმა მცველმა თავის საჯარიმოში პასი მეკარე უნაი სიმონს მისცა, რომლის ცუდად მოგერიებული ბურთი მაიერის მიუვიდა და მან პეტკოვიჩი მოძებნა, ეს უკანასკნელი კი როდრიმ წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ესპანელი არ გააძევა. თერთმეტმეტრიანი პეტკოვიჩმა შეასრულა და უნაი სიმონმა კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია, ხოლო პერიშიჩის გადაცემის შემდეგ პეტკოვიცმა გაიტანა. თუმცა, გოლი არ ჩაითვალა, რადგან მის ავტორზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ესპანეთმა გრაფაში სამი ქულა ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი
