ნიკა კვეკვესკირი: “ამაზე კარგი გრძნობა შეუძლებელია დაგეუფლოს”

0
53

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.
ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა.
ნიკა კვეკვესკირი: “გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.
ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ფეხბურთელები, ვინ უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მით უმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00

ლაშა თაბაგარი