ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის თურქეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია. თურქების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გასამართი ტურნირისთვის შემდეგ მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), დოგან ალემდარი (ტროა), მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურჯან ჩაკირი (ტრაბზონსფორი).
მცველები: მერტ მულდური, კაგლარ სოიუნჩუ, ფერდი კადიოღლუ (ყველა – ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), აჰმეტკან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეტ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჩენკ ოზკაჯარი (ვალენსია).
ნახევარმცველები: ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსფორი), ჯან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუსლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კეკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჩანი (დორტმუნდი).
თავდამსხმელები: აბდულკადირ ომური (ჰალ სიტი), ირფან ჯან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერ სიტი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აქტურკოღლუ, ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ოგუზ აიდინი (ალანიასფორი), არდა გულერი (რეალი), ბერტუგ ილდირიმი (რენი), ჩენკ ტოსუნი, სემიჰ კილიჩოი (ბეშიქთაში), ენეს უნალი (ბორნმუთი), იუსუფ იაზიჩი (ლილი).
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველა მატჩს სწორედ თურქეთთან ჩაატარებს 18 ივნისს დორტმუნდში.
ვინჩენცო მონტელა: “ფეხბურთელების არჩევანი გავაკეთეთ როგორც წმინდა საფეხბურთო, ასევე პიროვნული თვისებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო, ვინ რა შემოგვთავაზა სეზონის მიწურულს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამჟამინდელი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის მოგებაა.
ბოლო ორ შეხვედრაში მეორე ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. თუმცა, აქედან ბევრი რამ ვისწავლეთ. მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. ჯგუფში ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხბურთო გემოვნების მქონე სამ მეტოქეს დავუპირისპირდებით.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩია, რომელიც ძალიან რთული იქნება. საქართველო მანამდე კომპაქტურად თამაშობდა. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეიტინგში ჩვენზე უკანაა.
გამორჩეული გუნდია პორტუგალია. ჩეხეთზეც გარკვეული მოსაზრება მაქვს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ითამაშებენ ისინი გერმანიაში. ვფიქრობ, დონით ჩეხეთის ეროვნული ნაკრები თურქეთთან ყველაზე ახლოსაა.
გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პირველად ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებში. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25 წელია. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. გერმანიაში ისე ვითამაშებთ, როგორც სახლში, მაგრამ არ მინდა, რომ ამან წნეხი გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, ემოციების მართვის პრობლემა არ გვექნება“.
ლაშა თაბაგარი
