„იბერიამ“ ბათუმში დრამატული მატჩი მოიგო, ვაწაძის „მაკრატელა“ „თელავთან“

0
28

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური ბათუმში გამართული ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის მე-5 წუთზე სენეგალელი ონორე გომისის პასი შემდეგ, გიორგი წიტაიშვილმა ბურთი თბილისელთა საჯარიმოში კარგად დაამუშავა და კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0. მე-13 წუთზე ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟან ვიქტორი მოედნის ცენტრში მეტოქეს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა კოტე გიორგაძემ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში მასპინძლების ნახევარზე მყოფმა ცოტნე კაპანაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და მალელმა შეიკნე სილამ ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 67-ე წუთზე პაატა ღუდუშაური მარჯვნიდან „იბერიას“ საჯარიმოში შეიჭრა და ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ ლაზარე კუპატაძის კარი აიღო – 2:1. 89-ე წუთზე ბათუმელთა მცველის თავით მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა ბაქარ ქარდავამ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან დიაგონალური პასით „დინამოს“ საჯარიმოში ლევან ნონიკაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ლუკა ხარატიშვილს გაუტანა – 2:3.
შეხვედრის დასრულების მერე, „დილას“ უკრაინელი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო არბიტრთან მივიდა და ახსნა-განმარტებას თხოვდა. საქმეში ბათუმელტა პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და გუნდის მენეჯერი ვლადიმერ დვალიშვილი ჩაერთვნენ, რომლბიც თავის ემოციას მძაფრად გამოხატავდნენ. მათ არც თანხმლები პირები ჩამორჩნენ. მსაჯების დაცვას თბილისი „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი თამაზ კოსტავა ცდილობდა, რომელიც მატჩის დელეგატი იყო. საბოლოდ, მსაჯებმა მოედანი პოლიციის თანხლებით დატოვეს.
დინამო ბთ 2:3 იბერია 1999 
გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „იბერია“ 27 ქულით 10 გუნდში მეორე და ლიდერ „დილას“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო ბათუმის „დინამო“ 27 ქულით მესამეა.
ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოში ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და 5:2 სძლია. შოტლანდიელი სტივ კინის შეგირდებიდან 32-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ელიტონ ჟუნიორმა გახსნა, ხოლო მისმა თანამემამულე ჟორჟინიომ 38-ე წუთზე თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 53-ე წუთზე ფოთელებიდან თავი გიორგი ხარებავამ გამოიჩინა. 59-ე წუთზე ბიორნ იონსენმა ანგარიშში სხვაობა ისევ სამ ბურთამდე გაზარდა. 88-ე წუთზე ბრაზილიელმა ფილიპე პირესმა გაიტანა – 1:4, რასაც სამ წუთში სერბი ნინკოვიჩის გოლი მოჰყვა – 1:5. 95-ე წუთზე „კოლხეთდან“ თავი გიორგი მელქაძემ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:5. „ტორპედო“ 26 ქულით მეოთხეა, ხოლო კახა ჩხეტიანის „კოლხეთი“ 15 ქულით მერვეა.
კოლხეთი 1913 2:5 ტორპედო 
„გაგრამ“ „თელავი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში 48-ე წუთზე ძა;ლიან ეფექტური „მაკრატელათი“ სტუმართა საჯარიმოში მყოფმა მათე ვაწაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. 87-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი გიორგი ხარებაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრას“ 16 ქულა აქვს და მეშვიდეა, ხოლო სომეხი არმენ ადამიანის დამოძღვრილი „თელავი“ 13 ქულით მეცხრეა.
გაგრა 2:0 თელავი 
ლაშა თაბაგარი