ზივზივაძემ მეთერთმეტედ გაიტანა – ქართული რეკორდი მეორე ბუნდესლიგაში

0
38

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მე-11 გოლი გაიტანა. 32-ე ტურში „კარლსრუე“ სტუმრად როსტოკის „ჰანზას“ შეხვდა და 2:1 მოიგო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ზივზივაძეს თავის გამოჩენის შანსი პირველ ტაიმში ჰქონდა და ახლო მანძილიდან მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მან შესვენებამდე გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან ეპიზოდის დასაწყისსი ქართველ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს – 33-ე წუთზე მეტოქის კარი ნაიდჰარტმა აიღო. 52-ე წუთზე ზივზივაძემ კარგად გაატარა ბურთი და მასპინძლების საჯარიმოში გაიხსნა, რასაც მატანოვიჩის ზუსტი პასი მოჰყვა, ხოლო ბუდუმ გარე ტერფით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს, „კარლსრუეს“ კი სამი ქულა ვანცეკმა მოუტანა, რომელმაც 56-ე წუთზე პენალტი გაიტანა. „კარლსრუე“ 52 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ზივზივაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში 11 გოლი გაიტანა. ლევან კობიაშვილმა “ფრაიბურგის” მაისურით 2002-2003 წლების სეზონში 10 გოლი შეაგდო, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა იმავე გუნდის შემადგენლობაში 2006-2007 წლების სეზონში თავი ასევე 10-ჯერ გამოიჩინა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი “ჟენისი” მე-7 ტურში შინ “ელიმაისთან” 1:2 დამარცხდა. მასპინძლები მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ფეხბურთელი გაუძევეს. “ჟენისში” ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ზურაბ თევზაძემ ითამაშა, ხოლო ირაკლი ბიძინაშვილი განაცხადში არ იყო. “ჟენისი” 7 ქულით 13 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი