მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა – ქართველის პირველი წითელი ბარათი

0
42

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გაიტანა. ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „მეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის სახლში „რენს“ შეხვდა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დამარცხდა.
მატჩის 21-ე წუთზე ჯალომ თავისი ნახევარიდან გაუკეთა პასი მეტოქის ნახევარზე მცველის ზურგსუკან გახსნილ მიქაუტაძეს, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოს გარედან და თან მარჯვენა მახვილი კუთხიდან მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. „რენმა“ ანგარიში გოლის გაშვებიდან ორ წუთში გაათანაბრა. 45-ე წუთზე მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ, დიალომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ 73-ე წუთზე „რენმა“ თანაფარდობა ისევ აღადგინა. ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში  ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 მატჩში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და 4 საგოლე პასი გააკეთა. 93-ე წუთზე „რენმა“ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და სახლში 3 ქულით დაბრუნდა.  გოლის გატანის და საგოლე პასი გარდა, მიქაუტაძემ 95-ე წუთზე არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი მიიღო. ის „მეცში“ ასპარეზობის პერიოდში პირველად გააძევეს. მისთვის კარიერაში ეს მეორე წითელი ბარათია. მანამდე, ბელგიის “სერენში” გამოსვლის დროს გააძევეს. „მეცი“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი