პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, ჟურნალისტებს ფეხბურთის არაფერი ესმით. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დღეს გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ნახევარფინალის ნებისმიერი მონაწილისთვის გამარჯვების გარდა ყველა შედეგი იმედგაცრუება იქნება. კონკრეტულად ეს დაპირისპირბა „ბარსელონასთან“ მეოთხედფინალის მსგავსი იქნება. თუმცა, ვეცდებით მომავალი ორი შეხვედრა ჩვენი ფეხბურთის წყალობით მოვიგოთ. დაცვაში არ „ჩავჯდებით“. ამიტომ, გოლებსა და სანახაოებრივ შეხვედრას ველოდებით. ჩვენ დაპირისპირების ფავორიტად მიგვიჩნევენ? ჟურნალისტებს ფეხბურთის არაფერი ესმით.
ტრებლის გაფორმების შესაძლებლობა? სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა და ჩვენ ჯერ კიდევ ყველა ტურნირში ვმონაწილეობთ. ჩვენ უნდა ვმართოთ ემოციები, გავუმკლავდეთ ზეწოლას და ამბიციურები ვიყოთ. წნეხს როგორც მუქარას ვერ განვიხილავთ. დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია უკეთესები გავხდეთ.
ყველა გუნდს აქვს სუსტი მხარე, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი უკეთესია. იდეალურები არ ვართ და მიმდინარე სეზონში თამაშებიც წავაგეთ, მაგრამ ჩვენი მიზანია ჩავატაროთ მატჩები, რომლებშიც უკეთესები ვიქნებით. თუ თამაშის ტემპს „დავიჭერთ“ და „ბორუსიას“ ბურთს არ მივცემთ, მაშინ მეტოქეს პრობლემებს შევუქმნით.
იმედია, „ბარსელონასთან“ თამაშმა ჩვენი მხრებიდან ტვირთი მოგვაცილა. ის გავაკეთეთ, რაც მანამდე არ გაგვიკეთებია – სახლში პირველი თამაშის წაგების მერე, შემდეგ რაუნდში გავედით. თუმცა, საკმაოდ გამოცდილი ვარ და ვიცი, რომ ამას მომავალ შეხვედრაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს გერმანული მედია.
„ბორუსია“ – პსჟ-ს შეხვედრა დღეს „სიგნალ იდუნა პარკზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





