ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ ერთად ავსტრიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. კლაგენფურტსი გამართულ ფინალში გრაცელები შარშანდელის მსგავსად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
„რაპიდი“ პირველი ტაიმის 43-ე წუთზე სეიდიმ დააწინაურა. 50-ე წუთზე ქუეფელდმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა – 1:1. 81-ე წუთზე კიტეიშვილმა ვენელთა საჯარიმოში პასი ჰორვატს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „შტურმი“ არსებობის ისტორიაში ავსტრიის თასს მეშვიდედ დაეუფლა. გრაცელებს „ოქროს დუბლის“ მოგების შანსიც აქვთ, რადგან ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან და მეორე პოზიციაზე მყოფ „ზალცბურგს“ 3 ქულით ასწრებენ.
ლაშა თაბაგარი
