გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „კარლსრუე“ სტუმრად „ნიურნბერგს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. „კარლსრუედან“ ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 37-ე წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ხორვატმა მატანოვიჩმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 14 გოლია. ზივზივაძე 10 ქულით გუნდის საუკეთესო მეგოლეებში 10 ბურთით მეორეა. „კარლსრუე“ 52 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.
„ნარვა ტრანსის“ მაისურით სერგო კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა. „ტრანს ნარვა“ შინ „პაიდეს“ დაუზავდა (1:1) და ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა.
სლოვაკეთის ჩემპიონი ბრატისლავას „სლოვანი“ სტუმრად „დუნაისკა სტრედასთან“ 3:5 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბრატისლაველებში მეორე ტაიმი ჩაატარა, ხოლო ჯაბა კანკავა სათადარიგო იყო.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 37-ე ტურში „ლევანტე“ შინ „კარტახენასთან“ 0:1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. „ლევანტე“ 52 ქულით 22 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





