„რეალმა“ „ელ კლასიკო“ 105-ედ მოიგო

0
36

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან „მანჩესტერ სიტის“ გამოთიშვის შემდეგ, „ელ კლასიკოშიც“ წარმატებულად ითამაშა. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონასთან“ ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამი ქულა აიღო.
მე-6 წუთზე „ბარსელონამ“ კუთხური ჩააწოდა და „რეალის“ მეკარე ლუნინი გამოსვლაზე შეცდა, ხოლო კრისტენსენმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-18 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ლუკას ვასკესი სტუმართა მცველმა ჟოაუ კანსელუმ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა გამოიყენა. 69-ე წუთზე „ბარსა“ ფერმინ ლოპესმა ისევ წინ გაიყვანა. 73-ე წუთზე ვინისიუსმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთასაჯარიმოში ლუკას ვასკესს  რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „ბარსელონას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლუკას ვასკესმა პასი გააკეთა და ხოსეულმ ბურთი გაატარა, ხოლო ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2. აღსანიშნავია, რომ ბელინგემმა „რეალს“ „ელ კლასიკოში“ პირველ წრეშიც მოაგებინა. ბელინგემის ანგარიშზე 17 გოლია და ინგლისელი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ჟირონას“ უკრაინელ ფორვარდ დოვბიკს ჩამორჩება. მადრიდელებმა გამარჯვების შემდეგ 81 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან „ბარსას“ 11 ქულით გაასწრეს.
„რეალმა“ „ბარსელონა“ ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა, მათ შორის ორჯერ დიდი ანგარიშით. მადრიდელებმა „ელ კლასიკო“ 105-ჯერ მოიგეს, ხოლო „ბარსას“ ანგარიშზე 100 გამარჯვებაა. „რეალმა“ ერთი სეზონის განმავლობაში „ბარსა“ 3-ჯერ დაამარცხა, რაც 1935-1936 წლების სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში ორჯერ მოგების გარდა, მადრიდელებმა კატალონიელებს ესპანეთის სუპერთასზეც აჯობეს.
„ბარსელონას“ თავკაცი ხავი კლუბის ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელიც მიჯრით ოთხ „ელ კლასიკოში“ დამარცხდა. მანამდე, ასეთი ცუდი შედეგი პატრიკ ოკონელს ჰქონდა, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა 1935-1940 წლებში „რეალთან“ ოთხჯერ წააგო.
ლაშა თაბაგარი