საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
11 ნოემბერს, შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება. ესპანეთთან და ბულგარეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე: „ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ.
ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში”.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობიდ “დინამო არენაზე” 15 ნოემბერს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება. 18 ნოემბერს ჩვენი გუნდი სოფიაში ბულგარეთს დაუპირისპირდება და თამაში სტარტს 23:45 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი





